English / ქართული /








ჟურნალი ნომერი 1 ∘ ვასილ კიკუტაძე
უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის გამოწვევები საქართველოში

წარმოდგენილ სტატიაში რეტროსპექტიული ჭრილით განხილულია ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო სივრცეში ხარისხის უზრუნველყოფის საკითხები, არსებული სტატისტიკური მონაცემებისა და ექსპერტული შეფასებების საფუძველზე იდენტიფიცირებულია სისტემის წინაშე მდგარი პრობლემები, საერთაშორისო გამოცდილებისა და ადგილობრივი სპეციფიკის გათვალისწინებით, გამოკვეთილია მათი გადაწყვეტის ძირითადი მიმართულებები.

საკვანძო სიტყვები: უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება (უსდ),უმაღლესი განათლების ხარისხი,ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმები, ავტორიზაცია,  აკრედიტაცია.

2014 წლის 27 ივნისს ბრიუსელში ხელი მოეწერა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმებას, რითაც საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესი ახალ აქტიურ ფაზაში გადავიდა. ქვეყანამ ბევრ მოსალოდნელ სარგებელთან ერთად აიღო ის აუცილებელი ვალდებულებები, რომელთა შესრულებაც  ქვეყნის პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური ცხოვრების თითქმის ყველა სფეროს მოიცავს; მათ შორის არის განათლება, კერძოდ კი, უმაღლესი განათლება. ასოცირების ხელშეკრულების 359-ე მუხლის თანახმად, ქვეყანამ უნდა უზრუნველყოს ,,უმაღლესი განათლების ხარისხის ამაღლება იმ საშუალებით, რომელიც თანხვედრაშია ევროკავშირის „უმაღლესი განათლების მოდერნიზაციის დღის წესრიგსა“ (Modernisation Agenda for Higher Education) და „ბოლონიის პროცესთან“  [1, გვ. 467].

მიუხედავად იმისა, რომ საქართველო განათლებისა და კულტურის უძველესი ისტორიული ცენტრია (ფაზისის კოლხეთის) აკადემია - IV საუკუნე, გელათის აკადემია - XII საუკუნე, იყალთოს აკადემია - XVI საუკუნე, XX საუკუნის I მეოთხედი - თბილისში იხსნება კავკასიაში პირველი ეროვნული უნივერსიტეტი და ა.შ.), ფაქტია, რომ დღეისათვის ქართული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები უნივერსიტეტების მსოფლიო რეიტინგის (Ranking Web of World Universities) 2018 წლის მონაცემებით, მსოფლიოს მასშტაბით ათასეულის მიღმა პოზიციებს იკავებს [2], მაშინ როდესაც ,,ასოცირების ხელშეკრულებით“, ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყნის, ასევე აშშ-ის გადაწყვეტილებებით, ჩვენთვის ეტაპობრივად იხსნება საერთაშორისო შრომის ბაზარი, რომელზე გასვლა და არსებული სარგებლის მიღებაც შეუძლებელი იქნება მაღალი ხარისხის უმაღლესი განათლების გარეშე. ქართული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლების ცალკეული, ინდივიდუალური თუ ჯგუფური, თუნდაც მსოფლიო მასშტაბის მიღწევები, ფაქტია, რომ ვერ გადაწყვეტს ქართულ უმაღლეს საგანმანთლებლო სივრცეში მაღალი ხარისხის უზრუნველყოფის საკითხს და პრობლემის გადაჭრა კომპლექსურ მიდგომას საჭიროებს. საქართველოში განათლების, მათ შორის უმაღლესი განათლების ხარისხის მაღალი სტანდარტის მიღწევა ის უმთავრესი გამოწვევაა, რომელზეც დგას ჩვენი ქვეყნის სწრაფი განვითარების მომავალი, ვინაიდან სწორედ უმაღლესი განათლების ხარისხის მაღალი სტანდარტი ნიშნავს კვალიფიციური ადამიან-კაპიტალის არსებობას, რაც საქართველოს ტიპის ქვეყნებისთვის განვითარების პროცესის განმსაზღვრელი ფაქტორია.

განათლების ხარისხის არსი და მნიშვნელობა

ტერმინი - ,,განათლების ხარისხი“, კომპლექსური ცნებაა და მისი მნიშვნელობის ზუსტი განსაზღვრა ბევრ ურთიერთდაკავშირებულ ფაქტორზეა დამოკიდებული. ბოლონიის პროცესის ძირითადი დოკუმენტების მიხედვით, განათლების სფეროში ,,ხარისხი სასწავლო პროცესისა და მისი შედეგების ინტეგრალური მახასიათებელია, რომელიც სასწავლო პროგრამების შინაარსითა და პედაგოგთა კვალიფიკაციით განისაზღვრება“ [3, გვ.94]. უმაღლესი განათლების ხარისხი არის მრავალ-განზომილებიანი, მრავალდონიანი დინამიკური მდგომარეობა, რომელიც დაკავშირებულია საგანმანათლებლო მოდელის შინაარსობრივ პარამეტრებთან, საგანმანათლებლო დაწესებულების მისიასა და მიზნებთან,  დაწესებულების  შიდა სტანდარტებთან, ცალკეულ საგანმანათლებლო პროგრამას და კონკრეტულ სასწავლო დისციპლინებთან. შესაბამისად, განსხვავებულია ხარისხის მნიშვნელობის აღქმა შემდეგი მიზეზების გამო: უმაღლესი განათლების პროცესში ჩართული დაინტერესებული პირების განსხვავებული ინტერესები; განათლების ხარისხის კავშირი დაწესებულების მისიასთან, მიზნებთან, საწარმოო რესურსებთან, სამუშაო ძალის ბაზართან და ა.შ.; დაწესებულებაში მიმდინარე აკადემიური პროცესების მახასიათებლები და თავად უმაღლესი განათლების სისტემის განვითარების მდგომარეობა [4, გვ. 70-71].

უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფა არის პროცესი, რომელიც ხელს უწყობს უსდ-ში განათლების ხარისხის გაუმჯობესებას და მოიცავს შემდეგ ეტაპებს: დაგეგმვა, შეფასება, მონიტორინგი, მიღწეული პოზიტიური შედეგების შენარჩუნება და გაუმჯობესება. ხარისხის როგორც შიდა, ისე გარე უზრუნველყოფა უნდა ხორციელდებოდეს თანმიმდევრული და მკაფიოდ ფორმულირებული კრიტერიუმების საფუძველზე [5, გვ.3]. განვითარებული ქვეყნების უსდ-ები, საერთაშორისო სტანდარტებისა და ქვეყნის საჭიროებების გათვალისწინებით, თავად ქმნიან ხარისხის უზრუნველყოფის საკუთარ სისტემებს, რაც უზრუნველყოფს მათი საგანმანათლებლო პროცესების კონკურენტუნარიანობას და ქვეყნის განვითარების პროცესში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ხარისხის მართვის ეროვნული სააგენტოები აქტიურად ნერგავენ უმაღლეს საგანმანათლებლო სისტემაში ხარისხის მართვის მარეგულირებელ  პრინციპებს, რაც დაფუძნებულია იმ ჩარჩო შეთანხმებებზე, რომლებიც სხვადასხვა დროს იქნა მიღებული განვითარებული ქვეყნების აქტიური მონაწილეობით და გულისხმობს ხარისხის უზრუნველყოფის ეფექტიანი სისტემის ფორმირებას.

განათლების სფეროში ხარისხის მართვის პროცესები XIX საუკუნის ბოლოს აშშ-დან იღებს სათავეს, სადაც პირველად შეიქმნა საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტაციის ორგანო; თუმცა, დღეისათვის ეს ფუნქციები თავად უნივერსიტეტების თვითშეფასების განვითარებული სისტემისა და სხვადასხვა დამოუკიდებელი პროფესიული ორგანიზაციის ფუნქციებშია ინტეგრირებული. აკრედიტაცია, როგორც უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმი, 1980-იან წლებში იწყებს გავრცელებას ევროპაში. ამავე პერიოდში ევროპაში იქნება განათლების ხარისხის მართვის ეროვნული სააგენტოები, რაც გახდა კიდეც დიდი  ცვლილებების საწინდარი ევროპული უმაღლესი განათლების სივრცეში [6, გვ. 4-5]. 2005 წელს, განვითარებული ქვეყნების განათლების მინისტრების მიერ უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციასთან (ENQA), სტუდენტთა ევროპულ კავშირთან (ESU), უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ევროპულ ასოციაციას (EURASHE) და უნივერსიტეტების ევროპულ ასოციაციასთან (EUA) თანამშრომლობის შედეგად მომზადებული წინადადებების გათვალიწინებით, მიღებული იქნა ,,უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტები და რეკომენდაციები“ (European Standards and Guidelines - ESG), რომელიც განახლდა 2012 წელს საერთაშორისო განათლების ორგანიზაციის (Education International - ЕI), ბიზნესევროპის (BUSINESSEUROPE) და უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული რეესტრის (EQAR) მონაწილეობით და დოკუმენტი საბოლოო რედაქციით 2015 წელს ჩამოყალიბდა [7, გვ. 7-9]. აღნიშნული დოკუმენტის მთავარი მიზანია ხელი შეუწყოს სწავლა-სწავლების პროცესში ხარისხის უზრუნველყოფის ერთიან გაგებას, როგორც ადგილობრივ, ასევე, საერთაშორისო დონეზე და შესაბამისად, ის ვრცელდება ევროპული უმაღლესი განათლების სივრცის ყველა მონაწილეზე, მათ შორის საქართველოზეც.

უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმები

საქართველოში, სახელმწიფო პოლიტიკას უმაღლესი განათლების სფეროში, პარლამენტი განსაზღვრავს, ხოლო მის უშუალო  აღსრულებას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ახორციელებს. ქვეყანაში უმაღლესი განათლების ხარისხის მართვის ახალი სისტემის ფორმირება 2004 წლიდან იღებს სათავეს მაშინ, როდესაც  მიღებული იქნა კანონი ,,უმაღლესი განათლების შესახებ“, ხოლო მომდევნო 2005 წელს ქვეყანა ბერგენის სამიტზე ოფიციალურად შეუერთდა ბოლონიის პროცესს და გაჩნდა უმაღლესი განათლების სისტემის რეგულირების ახალი პარადიგმები [8, გვ.47]. უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმირების პირველ ეტაპზე განხორციელდა რიგი ინსტიტუციონალური ცვლილება, კერძოდ, 2005 წლიდან ამოქმედდა იწყებს ერთიანი ეროვნული გამოცდებით სტუდენტების ჩარიცხვის წესი, 2006 წლიდან ფუნქციონირებს ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებების სახელმწიფო სააკრედიტაციო სამსახური“, რომლის რეორგანიზაცია 2010 წელს განხორციელდა და შეიქმნა სსიპ - ,,განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი“. იმავე წელს ქვეყანაში მიღებული იქნა კანონი „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“, რომლითაც გამყარდა განათლების ხარისხის განვითარების სამართლებრივი საფუძვლები, კერძოდ, განისაზღვრა განათლების, მათ შორის, უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის შიდა და გარე მექანიზმები. განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის გარე მექანიზმებად განისაზღვრა ავტორიზაცია და აკრედიტაცია, ხოლო განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის შიდა მექანიზმების განხორციელება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, დარჩა საგანმანთლებლო დაწესებულებების კომპეტენციების ფარგლებში. დღეისათვის საქართველოში, სისტემურ დონეზე, უმაღლესი განათლების ხარისხის მართვის პროცესებს ქვეყნის კანონმდებლობიდან გამომდინარე, უშუალოდ წარმართავს სსიპ ,,განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი“, ხოლო ინსტიტუციურ დონეზე პროცესები იმართება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურების მიერ.

ავტორიზაციის მოთხოვნების წარმატებით შესრულება საგანმანათლებლო დაწესებულებებს აძლევს საშუალებას, მოიპოვოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი, ხოლო აკრედიტაციის მოთხოვნების შესრულებისას მათ ეძლევათ საშუალება, აკრედიტებულ საგანმანთლებლო პროგრამებზე მიიღონ სახელმწიფო დაფინანსების მქონე სტუდენტები და გასცენ დიპლომი, რომელსაც სახელმწიფო აღიარებს. 2013 წელს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის (ENQA) (European Association for Quality Assurance in Higher Education) აფილირებული ორგანიზაციის სტატუსი მიენიჭა [9], რაც შეიძლება ჩაითვალოს მნიშვნელოვან ნაბიჯად პროცესების ინტერნაციონალიზაციის კუთხით. უმაღლესი განათლების უზრუნველყოფის რეფორმების შემდეგი აქტიური ფაზა დაიწყო 2015 წელს, როცა შეიქმნა უსდ-ების ავტორიზაციისა და აკრედიტაციის გადაწყვეტილებების გასაჩივრების დამატებითი მექანიზმი - სააპელაციო საბჭოს ინსტიტუტი, რამაც მეტი გამჭვირვალება შესძინა პროცესს. 2017 წლისთვის კი  ქვეყანაში მიღებული იქნა საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის ავტორიზაციისა და აკრედიტაციის განახლებული სტანდარტები და პროცედურები. შეიცვალა უმაღლესი განათლების ხარისხის შეფასების სისტემა. კერძოდ, ავტორიზაციისა და აკრედიტაციის სტანდარტები და პროცედურები შესაბამისობაში მოვიდა უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტებსა და სახელმძღვანელო პრინციპებთან [10]. შესაბამისად, 2018-2019 სასწავლო წლის დასაწყისისათვის ქვეყანაში 63 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება დარჩა, მათ შორის: 19 საჯარო სამართლის იურიდიული პირი (სსიპ), 30 -შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება (შპს) და 14 - არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, აქედან 30 არის უნივერსიტეტი, 19 - სასწავლო უნივერსიტეტი, 5 - კოლეჯი და 8 - მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება [9].  2006/2007 სასწავლო წლიდან 2017/2018 სასწავლო წლის ჩათვლით, ქვეყანაში 91 ერთეულით შემცირდა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რიცხვი კერძო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებების ხარჯზე (მათი რაოდენობა 148 ერთეულიდან 55 ერთეულამდე არის შემცირებული), უმაღლესი სახელმწიფო  საგანმანათლებლო დაწესებულებების რაოდენობა კი გაიზარდა 2 ერთეულით (იხ. ნახაზი 1) [11, გვ.73]. 

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რაოდენობა საქართველოში 2006/2007 – 2018/2019 სასწავლო წლებში. 

ნახაზი 1

 

სისტემურ დონეზე ქვეყანაში უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის, საგანმანათლებლო დაწესებულების სისტემატური თვითშეფასების კულტურის დამკვიდრებისა და სტუდენტზე ორიენტირებული საგანმანათლებლო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით, უმაღლესი უსდ-თვის მოქმედებს აკრედიტაციის რეჟიმი. აკრედიტაციის პროცესი მოიცავს 8 საფეხურს და საბჭოს მიერ აკრედიტაციასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება მიიღება აკრედიტაციის საფასურის გადახდიდან 180 კალენდარული დღის განმავლობაში (იხ. ნახაზი 2) [9].

აკრედიტაციის პროცესის ეტაპები

ნახაზი 2

უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის გარე მექანიზმების ფარგლებში ავტორიზაციისა და აკრედიტაციის პროცესების წარმართვისათვის, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი  იყენებს ექსპერტთა კორპუსს, რომელიც კომპლექტდება პროფესიული ნიშნით, წინასწარ დადგენილი პროცედურების გათვალისწინებით ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების, დამსაქმებლებისა და სტუდენტებისაგან. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ცხადია, რომ დღეისათვის საქართველოში უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის გარე მექანიზმების ეფექტური აღსრულებისათვის არსებობს, განსაზღვრული მექანიზმები, რომელთა სრულყოფა ეტაპობრივად ხორციელდება, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში არსებული ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა მიდრეკილია სრულყოფისაკენ, ჯერ კიდევ არ არის ერთიანი დამოკიდებულება მის მიმართ ჩამოყალიბებული. რიგ შემთხვევაში, ის კრიტიკის ობიექტია უსდ-ს მხრიდან. საქართველოში კანონმდებლობით განსაზღვრულია უსდ-ის სახელმწიფო დაფინანსების პროცედურები, რომელიც პირდაპირ გამომდინარეობს უსდ-ის აკრედიტაციის შედეგებიდან, ანუ უსდ ვერ მიიღებს სახელმწიფო სასწავლო გრანტის მქონე სტუდენტს, თუ მას არ აქვს ,,განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის“ მიერ აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამები. აკრედიტაციის საფუძველზე უმაღლესი საგანმანთლებლო დაწესებულებების დაფინანსების უფლების მოპოვება გარკვეული წნეხის ქვეშ აქცევს აღნიშნულ პროცესს და ხშირ შემთხვევაში, მის ზედმეტ ფორმალიზებას  იწვევს. მაგალითად,  საქართველოში 2011-2013 წლებში აკრედიტაცია მიენიჭა 1267 საგანმანათლებლო პროგრამას, ხოლო აკრედიტაციაზე უარი ეთქვა მხოლოდ 40-ს [5], 2014-2016 წლებში აკრედიტაცია მიენიჭა 515 საგანმანათლებლო პროგრამას, ხოლო უარი ეთქვა 62-ს [9], 2017 წელს კი, აკრედიტაცია მიიღო 49 უმაღლესმა საგანმანათლებლო პროგრამამ, უარი კი 8 პროგრამას ეთქვა [12, გვ.19], რაც წინა პერიოდებთან შედარებით, გაუმჯობესებულ მაჩვენებლადაც კი შეიძლება მივიჩნიოთ; თუმცა, აკრედიტაციის პროცესების მეტი ეფექტიანობის უზრუნველსაყოფად, მიზანშეწონილად მიგვაჩნია საგანმანათლებლო პროგრამების შეფასების კრიტერიუმების მეტი კონკრეტიზაცია და მაქსიმალური გამიჯვნა ავტორიზაციის პროცესში გამოყენებული შეფასების კრიტერიუმებისაგან, ექსპერტთა კორპუსის ინტენსიური უწყვეტი დატრენინგება, შეფასების პროცესებში მეტი პროფესიონალი უცხოელი დარგობრივი ექსპერტების მონაწილეობა, შემოწმების პროცესში ინტერესთა კონფლიქტის მინიმიზაცია,  დარგობრივი ნიშნით აკრედიტაციის საბჭოების დაკომპლექტება და შეფასების პროცედურების დროში გონივრული გაწერა, რათა ექსპერტს ჰქონდეს შესაძლებლობა, უსდ-ს მიერ გადმოგზავნილი დოკუმენტაციის შესწავლის შემდეგ დინამიკაში მოახდინოს დაკვირვება პროცესებზე და მისი მოსაზრებები შესაფასებელი საგანმანათლებლო პროგრამის შესახებ, წარმოადგინოს შუალედური და საბოლოო დასკვნის ფორმით. უსდ-სთვის აღნიშნული პროცესები არ უნდა აღიქმებოდეს დამსჯელ, ფორმალურ ღონისძიებად, არამედ მისი ჩატარება პროცესის მაღალი შედეგობრივი სარგებლიდან გამომდინარე, თავად დაწესებულების ინტერესში უნდა მოხვდეს და რეალურად შუწყოს ხელი უსდ-ში მაღალი ხარისხის უზრუნველყოფას. 

საქართველოს უმაღლესი განათლების შესახებ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, ინსტიტუციურ დონეზე როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებობს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურები, რომლებმაც იტვირთეს უმაღლეს საგანმანთლებლო დაწესებულებებში ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების როგორც შემუშავება, ასევე განხორციელება. ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობით უსდ ვალდებულია, შემუშავებული ჰქონდეს ხარისხის უზრუნველყოფის შიდა და გარე შეფასების პროცედურები, რამაც ხელი უნდა შეუწყოს უსდ-ში განათლების ხარისხის გაუმჯობესებას. გავრცელებული სქემის მიხედვით, უსდ-ებში ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურები ფუნქციონირებენ ,,ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის დებულების“ მიხედვით, რომელიც  მიიღება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მართვის უმაღლესი ორგანოების მიერ. უსდ-ში, როგორც წესი, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური შედის დაწესებულების მართვის ორგანოებში და წარმოდგენილია ხარისხის უზრუნველყოფის ცენტრალური სამსახურისა და ცალკეული ფაკულტეტების (სკოლების) დონეზე ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურების სახით, რაც, თავის მხრივ, დამოკიდებულია კონკრეტული უსდ-ს მასშტაბებზე. რიგ შემთხვევაში, კერძო უსდ-ში ფაკულტეტის (სკოლის) ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ფუნქციები ძირითადად შეთავსებული აქვს ერთ პიროვნებას, რაც მსგავსი ტიპის სამსახურების ფუნქციონირების შედეგებს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. ზოგიერთ შემთხვევაში, დაბალია ასევე ,,ხარისხის კულტურა“, რაც მყიფეს ხდის დაწესებულების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემას და ვერ უზრუნველყოფს შედეგების მდგრადობას. გარდა ამისა, ქართული უსდ-ების უმრავლესობა ვერ ან არ იყენებს ხარისხის გარე შეფასების მექანიზმებს, გარდა აკრედიტაციისა და ავტორიზაციის სავალდებულო პროცედურებისა, რაც ასევე უარყოფითად აისახება უმაღლესი განათლების ხარისხზე. უმრავლეს შემთხვევაში, უგულვებელყოფილია ან ფორმალურ ხასიათს ატარებს პოტენციური დამსაქმებლების საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებაში ჩართულობა, შრომის ბაზრის მოთხოვნების გათვალისწინება, რაც საბოლოო ანგარიშით განაპირობებს პროგრამის კურსდამთავრებულების კომპეტენციების აცდენას შრომის ბაზარზე არსებულ მოთხოვნებთან და ხელს უწყობს უმაღლესი განათლების მქონე უმუშევართა არმიის წარმოქმნას.

უმაღლეს საგანმანთლებლო სფეროში არსებული ყოველდღიურად მზარდი კონკურენცია აიძულებს უსდ-ებს, გამუდმებით იზრუნონ ხარისხის მართვის სისტემების გაუმჯობესებასა და მათი ეფექტიანობის ზრდაზე. აღნიშნულ პროცესში უსდ-ების მთავარ გამოწვევად შეიძლება ჩაითვალოს ხარისხის უზრუნველყოფის ეფექტიანი შიდა მექანიზმების არსებობა. დღეისათვის ხარისხის მართვის თანამედროვე ფილოსოფია ერთმნიშვნელოვნად გულისხმობს ხარისხის მართვის პროცესებისადმი თანამედროვე მართვის კონცეფციების გამოყენებას, რომელიც დაფუძნებულია როგორც ადმინისტრაციული საშუალებების, ასევე ინოვაციური ტექნოლოგიებისა და მიდგომების გამოყენებაზე. შესაბამისად, უსდ-ები ორიენტირებული არიან სტუდენტზე მორგებული სწავლების პროცესების განვითარებაზე, რის გამოც მათი მართვის ორგანიზაციულ სტრუქტურაში ხშირად გვხვდება სტუდენტური მომსახურების სერვისების სამსახურები, ასევე, აკადემიური პერსონალის გადამზადების და ტრენინგცენტრები, რისი მეშვეობითაც დაწესებულებები ცდილობენ თანამშრომელთა განვითარებასა და მათი თანამონაწილეობის გაზრდას საგანმანათლებლო დაწესებულების ეფექტიანობის უზრუნველყოფაში. გარდა ამისა, უსდ-ები ხარისხის უზრუნველყოფის პროცესში, განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ ისეთი კომპლექსური საკითხების გადაწყვეტას, როგორიცაა სწავლა-სწავლების პროცესებისა და კვლევითი საქმიანობის ჰარმონიზაცია. რიგი უსდ კი, თავის სტრუქტურაში აყალიბებს სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტებს, ნერგავს შიდა საგრანტო სისტემას, აფინანსებს აკადემიური პერსონალის მონაწილეობას სხვადასხვა სამეცნიერო აქტივობაში, რითაც ფოკუსირებს მოცემული საკითხების ეფექტურ გადაწყვეტაზე. თუმცა, როგორც წესი, უმაღლესი განათლების სფეროში ტერმინი - ,,ხარისხი“, არ წარმოადგენს აბსოლუტურ ცნებას და ის ძირითადად, შეფარდებით კატეგორიად მოიაზრება; შესაბამისად, ის შეიძლება განხილული იქნეს, როგორც კომპლექსური ღონისძიებების შედეგი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს დადგენილი სტანდარტების დაკმაყოფილება, ანუ სასურველი შედეგების დადგომა. აღნიშნული შედეგების მისაღებად თანამედროვე პირობებში უმაღლესი განათლების სისტემაში ხარისხის შიდა უზრუნველყოფის მექანიზმად აქტიურად გამოიყენება ხარისხის ტოტალური მართვის სისტემა. ISO 9004 ხარისხის ტოტალურ მართვას (TQM) განმარტავს, როგორც ,,მენეჯმენტის ფილოსოფიას და კომპანიის ქმედებათა ერთობლიობას, რომელთა საშუალებითაც ხდება ორგანიზაციის მატერიალური და ადამიანური რესურსების ეფექტურად ათვისება ორგანიზაციული მიზნების მისაღწევად“ [13, გვ.92]. ხარისხის ტოტალური მართვის სისტემის (TQM), მართვის თანამედროვე ფილოსოფია დაფუძნებულია თანამედროვე მართვის ისეთ კონცეფციაზე, რაც ძირითადი ადმინისტრაციული საშუალებების, ინოვაციური მიდგომებისა და სპეციალიზებული ტექნიკური უნარების ერთობლივ გამოყენებას გულისხმობს. უმაღლესი განათლების სისტემაში არსებობს TQM-ის  დანერგვისადმი განსხვავებული მიდგომები, მათ შორის პირველი მიდგომა, მომხმარებელზეა ორიენტირებული და გულისხმობს სტუდენტთა მომსახურების წახალისებას თანამშრომელთა განვითარებისა და ტრენინგის გზით, მეორე მიდგომა გულისხმობს თანამშრომლებზე ორიენტირებულობას, რაც ეფუძნება თითოეული თანამშრომლის თანამონაწილეობის გაზრდას საგანმანათლებლო დაწესებულების ეფექტურობის უზრუნველყოფაში და მესამე მიდგომა კი აქცენტს აკეთებს საგანმანათლებლო პროცესში გაწეული მომსახურების ხარისხის არსებულ მოთხოვნებთან მაქსიმალურ შესაბამისობაზე. ქართული უსდ-ების უმრავლესობაში ხარისხის ტოტალური მართვის (TQM) სისტემის პრინციპების გამოყენება ფრაგმენტულობით ხასიათდება, რაც ძირითადად გამოიხატება მომხმარებელზე ორიენტაციის, სასწავლო პროცესების ოპტიმიზაციის და პროცესში მონაწილე დაინტერესებული სუბიექტების ჩართულობის გაზრდის მცდელობაში.

უმაღლესი განათლების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფის ერთ-ერთ წინაპირობად უნდა მივიჩნიოთ, ასევე, განათლებაზე გაწეული მთლიანი დანახარჯები (მშპ-ის %) და აღნიშნულ სფეროში დასაქმებული ადამიანების (აკადემიური, ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალის) შესაბამისი ანაზღაურება. 2014 წლისთვის, საქართველო განათლებაზე გაწეული მთლიანი დანახარჯების მიხედვით, რეგიონში ბოლო ადგილის იკავებდა 2,0%-ით, ხოლო პირველ და მეორე ადგილებს აზერბაიჯანი და სომხეთის რესპუბლიკა ინაწილებდა, შესაბამისად,  2,5%-ით და 2,2%-ით. თუმცა, 2016 წლისთვის საქართველოს პოზიციები გაუმჯობესდა და ქვეყანამ პირველ ადგილზე გადაინაცვლა 3,78%-ით, ხოლო აზერბაიჯანის და სომხეთის რესპუბლიკები მეორე და მესამე ადგილებს იყოფდნენ 2,95% და 2,8%-ით.  აღიშნული მაჩვენებელი კი, 2014 წელს ესტონეთში 5,4%-ს, ფინეთში 7,1%-ს, ლიტვაში 4,4%-ს, ლატვიაში 5,2%-ს და უკრაინაში 5,8%-ს შეადგენდა [14]. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში გაიზარდა საქართველოში განათლებაზე გაწეული ხარჯების მოცულობა, 2017 წლის მონაცემებით, განათლების სფეროში არსებული საშუალოთვიური ნომინალური ხელფასი 581,4 ლარი იყო, ხოლო სომხეთის რესპუბლიკაში და აზერბაიჯანში, შესაბამისად 113756 დრაჰმა [15], ანუ 586,75 ლარი და  322 აზერბაიჯანული მანათი [16, გვ.62], ანუ 470,76 ლარი. 2018 წლის დასაწყისისათვის კი, იგივე მაჩვენებელი მაგალითად, გერმანიაში - 1498 ევრო ანუ 4538 ლარი, ლუქსემბურგში - 1999 ევრო ანუ 6056 ლარი, ირლანდიაში - 1614 ევრო ანუ 4890 ლარი და ბელგიაში - 1563 ევრო ანუ 4735 ლარი იყო [17], რაც გაცილებით მაღალია, ვიდრე საქართველოშია. ამასთან, აღსანიშნავია ისიც რომ 2017 წლის მონაცემებით საქართველოში განათლების სფეროში  დაქირავებით დასაქმებულთა საშუალოთვიური ნომინალური ხელფასი 2,3-ჯერ ნაკლები იყო საფინანსო საქმიანობაში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალოთვიური ნომინალური ხელფასის სიდიდეზე [11, გვ.43].

ამრიგად, ცხადია რომ ქვეყანაში სიტუაცია საჭიროებს მნიშვნელოვან გაუმჯობესებას, რაც ხელს შეუწყობს როგორც განათლების დარგში დასაქმებული ადამიანების მოტივაციის ზრდას, ასევე ახალი პერსპექტიული კადრების მოზიდვას და დარგის კონკურენტუნარიანობის ამაღლებას. აშკარაა, რომ საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების არცთუ ისე სახარბიელო მდგომარეობა, დაღს ასვამს ქვეყნის განათლების სისტემას, მათ შორის უმაღლესი განათლების ხარისხს და აფერხებს მის განვითარებას.

ლიტერატურა:

  • ასოცირების შესახებ შეთანხმება ერთი მხრივ, საქართველოსა და მეორე მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის, 2014.
  • http://www.webometrics.info/en/Europe - უნივერსიტეტების მსოფლიო რეიტინგი.
  • უმაღლესი განათლების ევროპული სივრცისკენ (ბოლონიის პროცესის ძირითადი დოკუმენტები), რედ.: ლ.ბაქრაძე, ლ. ღლონტი, ე. ჯგერენაია, თბ., 2005.
  • Lazăr VLĂSCEANU, Laura GRÜNBERG and Dan PÂRLEA, Quality Assurance and Accreditation: A Glossary of Basic Terms and Definitions, Bucharest 2007.
  • დარჩია  ი. უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სტრატეგიული განვითარება საქართველოში, განათლების პოლიტიკის, დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტი,  თბილისი 2013.
  • Павлюченко Е. И., Гичиев Н.С., Атаханов Р.А., международный опыт повышения качества высшего образования, Современные проблемы науки и образования. – 2013. – № 5.
  • https://enqa.eu/wp-content/uploads/2015/11/ESG_2015.pdf - Standards and Guidelines for Quality Assurance in the European Higher Education Area (ESG), 2015.
  • Kikutadze V, Maisuradze K, MANAGEMENT OF QUALITY IN HIGHER EDUCATION IN GEORGIA, Social & Economic Revue . 10/1/2015, Vol. 13 Issue 4.
  • https://www.eqe.ge/ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრი.
  • http://www.mes.gov.ge/ - საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.
  • სტატისტიკური წელიდწლეული, 2018, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური. თბილისი, 2018.
  • განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრის წლიური ანგარიში, 2017.
  • Russell T. Westcott, Stepping Up to ISO 9004:200, A Practical Guide for Creating q World-Class Organization, 2003.
  • https://data.worldbank.org/indicator/SE.XPD.TOTL.GD.ZS?locations - United Nations Educational, Scientific, and Cultural Organization ( UNESCO ) Institute for Statistics, 2016.
  • https://www.armstat.am/file/article/sv_06_18r_142_.pdf - სომხეთის რესპუბლიკის სტატისტიკის კომიტეტი.
  • STATISTICAL YEARBOOK, LABOUR MARKET, STATE STATISTICAL COMMITTEE OF THE REPUBLIC OF AZERBAIJAN, BAKU 2018.
  • https://www.destatis.de/EN/FactsFigures/NationalEconomyEnvironment/EarningsLabourCosts/MinimumWages/MinimumWages.html - გერმანიის სტატისტიკის ფედერალური სამსახური.